logo
ENG



მეუფე იაკობი: სახალხო დამცველს თბილისში შევხვდები და ცივილიზებულად დაველაპარაკები

15 ივნ 202118:43
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/15/0w0bruef4y9tjw2.jpg

ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დირექტორად დაინიშნა, აცხადებს, რომ ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებამდე, მას თბილისში შეხვდება და "ცივილიზებულად დაელაპარაკება. 

"სანამ არ გავერკვევი ბოლომდე, რა ხდება, მანამდე ახლა ბავშვებთან შეშვებაზე..  ძალიან დასტრესილები არიან და, მით უმეტეს, ახლა შემოვიდნენ და კითხვები თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას.. აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს.

მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ ცივილიზებულად დავილაპარაკებთ, არ ვარ ის ადამიანი, ყველანაირად ვიცი, სანამ ბავშვები ამ მდგომაროებაში არიან, მე მართალი ვიქნები, რომ არავინ არ მივაკარო ადვოკატის გარეშე. დალაგება მინდა აქ სიტუაციის, აი, გარედან ძალიან აურიეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

მეუფე იაკობმა ნინოწმინდის პანსიონის დირექტორის პოზიციაზე სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი 14 ივნისს ჩაანაცვლა. 

ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე კვლავაც რჩება 23 ბავშვი. 

სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს. 

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

 


close დახურვა