აშშ-რუსეთის სამიტი ჟენევაში დასრულდა. ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეხვედრის ადგილი უკვე დატოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამართა. მისი თქმით, ბაიდენთან შეხვედრისას "არანაირი მტრული განწყობა" არ ყოფილა და კონსტრუქციულად ჩაიარა.
ბრიფინგისას ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან უკრაინის საკითხის განხილვა დაადასტურა, ხოლო რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს, პუტინმა თქვა: "არ ვფიქრობ, რომ აქ რამეა განსახილველი".
პუტინი, ასევე ამბობს, რომ კიბერუსაფრთხოებაზე კონსულტაციებს დაიწყებს რუსეთი და ამერიკა. "ორივე მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა", - თქვა მან. პუტინის განცხადებით, კიბერდანაშაულების უმრავლესობა ამერიკაში ხდება.
"ამერიკის წყაროებიდან ცნობილია, რომ კიბერდანაშაულების უმრავლესობა ხორციელდება ამერიკის კიბერსივრციდან. მეორე ადგილზეა კანადა და შემდეგ უკვე ლათინური ამერიკა და გაერთიანებული სამეფო. რუსეთი ამ ქვეყნების ნუსხაში არ არის შესული, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობის კიბერშეტევები ხორციელდება. 2020 წლის განმავლობაში ამერიკიდან მივიღე დაახლოებით 10 მოთხოვნა ინფორმაციაზე აშშ-ს წინააღმდეგ განხორცილეებული კიბერდანაშაულების შესახებ, ანუ შეტევები, რომელიც განხორციელდა რუსეთის ტერიტორიიდან, ორი ასეთი მოთხოვნა იყო", - ამბობს პუტინი.
ალექსეი ნავალნის დაკავებაზე კითხვის საპასუხოდ პუტინმა ჟურნალისტს "მიუკერძოებელი გაშუქებისკენ" მოუწოდა.
"ამ ადამიანმა იცოდა, რომ რუსულ კანონს არღვევდა" - თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ ნავალნი განმეორებით კანონმდარღვევია.
"ძალიან კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დაბრუნდა რუსეთში. მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ" - თქვა მან. "ის ქნა, რაც უნდოდა, რომ ექნა" - დაამატა პუტინმა.
მისივე განცხადებით, სამიტის ერთ-ერთი შედეგია, რომ ამერიკის და რუსეთის ელჩები დაუბრუნდებიან პოსტებს, თუ როდის, ეს "ტექნიკური საკითხია".
როგორც ცნობილია ბაიდენის გუნდი აქტიურად ადევნებს თვალყურს პუტინის მიმდინარე პრესკონფერენციას. აშშ-ს პრეზიდენტი მალე თავად დაიწყებს მედიასთან საუბარს.
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 4 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდებოდა.
როგორც წინასწარ იყო ცნობილი, განხილვის თემები იყო რუსეთის ჩარევა არჩევნებში, კიბერ თავდასხმები, იარაღის კონტროლი, ნავალნის პატიმრობა, კონფლიქტები და რუსეთის როლი უკრაინაში, სირიასა და ლიბიაში. საქართველოს საკითხი კი დღის წესრიგში არ დასახელებულა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1999 წლიდან მოყოლებული, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, ჟენევის სამიტზე, აშშ-ის რიგით უკვე მეხუთე პრეზიდენტს შეხვდა.