16 ივნისს ჟენევაში გამართული აშშ-რუსეთის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ვლადიმერ პუტინმა გამართა. მისი თქმით, ბაიდენთან შეხვედრის დროს "არანაირი მტრული განწყობა" არ ყოფილა და კონსტრუქციულად ჩაიარა.
ბრიფინგისას ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან უკრაინის საკითხის განხილვა დაადასტურა. რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს, პუტინმა თქვა: "არ ვფიქრობ, რომ აქ რამეა განსახილველი".
პუტინი, ასევე ამბობს, რომ კიბერუსაფრთხოებაზე კონსულტაციებს დაიწყებს რუსეთი და ამერიკა. "ორივე მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა", - თქვა მან.
პუტინის განცხადებით, კიბერდანაშაულების უმრავლესობა ამერიკაში ხდება ხოლო რუსეთი არაა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ამგვარი დანაშაულის სიმრავლეა.
"ამერიკის წყაროებიდან ცნობილია, რომ კიბერდანაშაულების უმრავლესობა ხორციელდება ამერიკის კიბერსივრციდან. მეორე ადგილზეა კანადა და შემდეგ უკვე ლათინური ამერიკა და გაერთიანებული სამეფო. რუსეთი ამ ქვეყნების ნუსხაში არ არის შესული, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობის კიბერშეტევები ხორციელდება. 2020 წლის განმავლობაში ამერიკიდან მივიღე დაახლოებით 10 მოთხოვნა ინფორმაციაზე აშშ-ს წინააღმდეგ განხორცილეებული კიბერდანაშაულების შესახებ, ანუ შეტევები, რომელიც განხორციელდა რუსეთის ტერიტორიიდან, ორი ასეთი მოთხოვნა იყო", - ამბობს პუტინი.
ალექსეი ნავალნის დაკავებაზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ მან თავი განზრახ დააკავებინა.
"ამ ადამიანმა იცოდა, რომ რუსულ კანონს არღვევდა" - თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ ნავალნი განმეორებით კანონმდარღვევია.
"ძალიან კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დაბრუნდა რუსეთში. მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ" - თქვა მან. "ის ქნა, რაც უნდოდა, რომ ექნა" - დაამატა პუტინმა.
მისივე განცხადებით, სამიტის ერთ-ერთი შედეგია, რომ ამერიკის და რუსეთის ელჩები დაუბრუნდებიან პოსტებს, თუ როდის, ეს "ტექნიკური საკითხია".
პუტინის პრესკონფერენციიდან მალევე, ცალკე ბრიფინგი გამართა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბრიფინგის შესავალ სიტყვაში ახსენა უკრაინასა და ბელარუსში არსებული ვითარება და ამაზე შეშფოთება დააფიქსირა. მას არ უხსენებია საქართველო.
"[პუტინთან] გავიხილეთ უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მინსკის შეთანხმებასთან დაკავშირებით დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ.
ბელარუსთან დაკავშირებითაც შეშფოთება გამოვთქვით. არ ვეთანხმებით იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება. არსებობს ბევრი კითხვა", - თქვა ბაიდენმა.
ასევე, ბაიდენს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა მოხდებოდა, თუკი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში მოკვდებოდა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ თუკი ასე მოხდება, ამას რუსეთისთვის "სავალალო შედეგები" მოყვება.
პრეზიდენტის განცხადებით, მან ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მისი დღის წესრიგი არა რუსეთის, ან ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ, ამერიკელი ხალხისთვისაა
"იქ, სადაც განსხვავებები გვაქვს, პრეზიდენტმა პუტინმა მინდა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და როგორ ვუპასუხებთ სხვადასხვა ქმედებას, რაც აზიანებს ამერიკელი ხალხის ინტერესსს.
მე ვუთხარი პუტინს, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ეს არის ამერიკელი ხალხისთვის", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო პირისპირ შეხვედრა, რათა არ მომხდარიყო მისი სათქმელის არასწორი ინტერპრეტაცია. ბაიდენმა თქვა, რომ "გააკეთა ის, რისთვისაც ადგილზე ჩავიდა".
"გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი. პირველი: დავადგინეთ პრაქტიკული სამუშაო სფეროები, სადაც ორ ქვეყანას შეუძლია აამაღლოს საერთო ინტერესები და ასევე სარგებელი მოუტანოს მსოფლიოს. მეორე: გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია იმაზე, რომ აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი, ან ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს. მესამე: იმისთვის, რომ ნათლად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ღირებულებები, მან ეს ჩემგან მოისმინა. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი შეხვედრის ტონი იყო, კარგი, დადებითი", - თქვა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს, 16 ივნისს ჟენევაში გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბარი, დაახლოებით, 4 საათს გაგრძელდა, რის შემდეგადაც მათ ცალ-ცალკე პრესკონფერენციები გამართეს.