logo
ENG



იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატს მხარი დაუჭირა

17 ივნ 202111:05
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ იგეგმება 100 მოსამართლის დანიშვნა, წარდგენა და გადაყვანა: 9 - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა, 88 - ქვედა ინსტანციაში დანიშვნა, 8 - ქვედა ინსტანციაში გადაყვანა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს პროცესი - მათი თქმით, მოსამართლეთა დანიშვნით ქართული ოცნება მიშელის შეთანხმებას არღვევს.

 

26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია, რაც უმეტესობამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის დარღვევად მიიჩნია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს. 


close დახურვა