აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია ივლისამდე გადადოს და იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნები შეწყვიტოს. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა.
ელჩის განცხადებით, მოსამართლეთა მიმდინარე დანიშვნები არ შეესაბამება 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
"საბჭოს წევრებისა, თუ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გაგრძელება არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, შეექმნათ რეალური რეფორმები, როგორც უმაღლეს საბჭოში არჩევისა და დანიშვნების პროცესში, ისე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის პროცესში.
ეს დანიშვნები უნდა გაგრძელდეს ახალი, გაძლიერებული სისტემის მიხედვით, რაც ინკლუზიური დებატების შედეგად მიიღწევა. ამიტომ მოვუწოდებთ საბჭოს გადადოს მოსამართლეთა დაგეგმილი კონფერენცია ივლისამდე", - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, აშშ დიდი ხანია მუშაობს, რათა გაძლიერდეს საქართველოს სასამართლო სისტემა და გახდეს უფრო დამოუკიდებელი:
"ჩვენ ვიხილეთ ბევრი კარგი პროკურორი, მოსამართლე, თუ ადვოკატი, რომელთაც შეუძლიათ კანონი არაპარტიულად, პოლიტიკური ჩარევის გარეშე, ეთიკური სტანდარტებით გამოიყენონ.
ჩვენ დავინახეთ პროგრესი სასამართლოს პირველი და მესამე ტალღის რეფორმის დროს. ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მესამე და მეოთხე ტალღის, არ იყო გათვალისწინებული საბოლოო ვერსიაში, რაც ჩვენთვის იმედგამაცრუებელი იყო.
მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს 19 აპრილს, რათა გაეუმჯობესებინათ და სისტემა უფრო დამოუკიდებელი გაეხადათ. ეს პროცესი დროს მოითხოვს, ქართველები ამაზე 20 წელია მუშაობენ და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი და აშშ მზადაა ყოველთვის, რომ მათ დახმარება გაუწიოს, გააგრძელოს მართლმსაჯულების გაძლიერება".
მანამდე, კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისს წერილით მიმართეს მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე, კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.
მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი - მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც ახალ წევრებს კენჭი უნდა უყარონ, 26 მაისს დაინიშნა.
ამასთან, არ შეჩერებულა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები.