logo
ENG



მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის შენობა დღის ცენტრად გადაკეთდება

17 ივნ 202112:42
3 წუთის საკითხავი
clock 642

მეუფე იაკობის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის შენობაში დღის ცენტრი განთავსდება. 

მიტროპოლიტმა იაკობმა ეს განცხადება სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„აქ იქნება დღის ცენტრი, გავაკეთებთ ყველაფერს. ჩართულები ვიყავით სახელმწიფო, საპატრიარქო, ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი და ვორლდვიჟენი - დაემატა და მონაწილეობს სახალხო დამცველი. მე თავიდანვე ვთქვი, ყველა რეკომენდაციას და რჩევას გავითვალისწინებთ, რადგან მე მივედი და ჩემთვის ეს ახალია, მაგრამ არა უცხო, მივხედავთ და  უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ", - აცხადებს მეუფე იაკობი.

ნინოწმინდის პანსიონის ახალ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ის პანსიონში ჩავა და მის მონიტორებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება.

ნინოწმინდის პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა. მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში ომბუდსმენს პანსიოში არ უშვებდნენ.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

 

close დახურვა