logo
ENG



საია: ევროპულმა სასამართლომ 20 ივნისის დაზარალებულების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო

18 ივნ 202113:33
3 წუთის საკითხავი
clock 1138
2021/06/18/9ll5ncwawcy9dgk.jpg

ევროპული სასამართლო 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით დაზარალებული ჟურნალისტებისა და მოქალაქეების საჩივრების არსებით განხილვას იწყებს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, ევროპულმა სასამართლომ მოპასუხე მხარეს, საქართველოს მთავრობას საქმეებზე - ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - კითხვებით მიმართა.

საია-ის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მათი ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, დაზარალებულებს ამ დრომდე არ აქვთ მასალებზე წვდომა.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას შემდეგი კითხვებით მიმართა:

  • მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუ არა მომჩივნები პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს? 
  • ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი?  რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში?
  • მომჩივნების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი, როგორც ჟურნალისტები, აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან  ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის?
  • მოხდა თუ არა მომჩივნების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციის მე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის?
  • ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი? 

2019 წლის 20 ივნისს, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლისა და პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ, მოქალაქეები რუსთაველზე შეიკრიბნენ და ანტისაოკუპაციო აქცია მოაწყვეს. ისინი პასუხისმგებელი პირების გადადგომას მოითხოვდნენ. 

ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ დაშალა. აქციის დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები.

აქციის დაშლის შედეგად დაზარალდა რამდენიმე ათეული მოქალაქე და პოლიციელი. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ასევე, დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, ვინც აქციას აშუქებდნენ.


close დახურვა