logo
ENG



ლომჯარიას თქმით, შსს-მ პრაიდის კვირეულზე გამოხატვის თავისუფლების დაცვა უნდა უზრუნველყოს

18 ივნ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock 1054
2021/06/18/aj7qd553s53406w.jpg

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა გააკეთა იმისათვის, რომ ლგბტ თემის და მისი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. ამაზე ლომჯარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სამარათალდამცავმა ორგანოებმა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყონ.

"ვფიქრობ, რომ შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები იყოს დაზღვეული. არ შეიძლება ყოველწლიურად გვესმოდეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები. თუ არსებობს საფრთხეები, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას აკეთებს პრევენციისთვის სამართალდამცავი ორგანო, რომ მის მოქალაქეს ჰქონდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

ჩვენ ველოდებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას", - განაცხადა ლომჯარიამ.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
  • Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.

15 ივნისს პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიანი ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

მან მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".

 


close დახურვა