logo
ENG



საგარეო: აიბღას ანექსია რუსეთის მორიგი უკანონო ნაბიჯია

19 ივნ 202112:54
3 წუთის საკითხავი
clock 1120
საგარეო: აიბღას ანექსია რუსეთის მორიგი უკანონო ნაბიჯია

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ აფხაზური სოფლის, აიბღას ანექსიას ეხმაურება, რომლის შედეგადაც სოფელი რუსეთის ნაწილად გაფორმდა.

უწყების პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებით, "მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილის თავის ტერიტორიად გაფორმება რუსეთის საკადასტრო რუკაზე წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს". 

უწყება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვევობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებით, გაეროს წესდებითა და ჰელსინკის დასკვნითი აქტით.

"საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელყოფა რუსეთის მიერ კი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ისევე, როგორც მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი კი ორმხრივ ფორმატში განახლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია სრულად შეასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და რეგიონების სრულ დეოკუპაციას და შეცვლის უკანონო გადაწყვეტილებას მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ". - აცხადებს უწყების პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტი. 

ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ მიმდინარე წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ოფიციალურად გაიფორმა, თავდაპირველად დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გაავრცელა. 

DRI-ს ცნობით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რაც ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად რუსები და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად გალში იმყოფებიან, არაფორმალურ საუბრებში ხაზს უსვამენ, რომ მათი ინტერესი უფრო დიდია - სურთ სრულად შეიერთონ აიბღას პლატო, რომელიც მდინარე ფსოუს სათავიდან რიწის ტბამდე და ავადჰარამდე ტერიტორიას მოიცავს. საუბარია გაგრის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 20 პროცენტზე. როგორც ირკვევა, ამ ტერიტორიის მიმართ რუსული მხარის მძაფრ ინტერესს, სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეების გარდა, ამ პერიმეტრზე სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების არსებობაც განაპირობებს.


close დახურვა