logo
ENG



ზალკალიანი გახელაძეზე: ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, საქმე გვაქვს ოკუპანტთან

21 ივნ 202112:45
3 წუთის საკითხავი
clock 479
ზალკალიანი გახელაძეზე: ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, საქმე გვაქვს ოკუპანტთან
საქართველოს მთავრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ხელისუფლება ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს იყენებს. 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე ეხება ოკუპანტ ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ითვალისწინებს. 

"არ დარჩენილა არცერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, რომ ზაზა გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული განსაკუთრებული სიმწვავით. ყველა ტრიბუნას, ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი... მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან. ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მას არად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინება.

მე შეიძლება საჯაროდ აქ ვერ ვთქვა სხვა ფორმატები და ბერკეტები, რასაც ჩვენ ვიყენებთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ყველამ იცოდეთ, რომ ყველა არსებული და სხვა ფორმატები, რომლებიც დაგვეხმარება ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში არის მაქსიმალურად გამოყენებული", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებულები დარჩნენ - ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ მათთვის მიცემული პირობა არ შეასრულეს და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგეს. 

ისინი ზაზა გახელაძის 23 ივნისამდე გათავისუფლებას ითხოვენ - ამ დღეს ის 34 წლის ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.


close დახურვა