logo
ENG



თურნავა: ნამახვანჰესის დრამა ცოტა გაზვიადებულია

21 ივნ 202117:56
3 წუთის საკითხავი
clock 1450
თურნავა: ნამახვანჰესის დრამა ცოტა გაზვიადებულია

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა BMG-სთან ლაპარაკში იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო რიონის მცველებთან საერთო ენას გამონახავს და კომპრომისს მოძებნის. 

ამასთან, თურნავას თქმით, „ნამახვანჰესის ისტორია, დრამა ცოტათი გაზვიადებულია და ქვეყანა ამ მდგომარეობამდე 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა მოიტანა". 

"90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე რაც მოხდა ხუდონჰესთან დაკავშირებით, როდესაც დაწყებული, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პრაქტიკულად, შეჩერდა. იმ დროის გადმოსახედიდან ეს იყო ძალიან ეროვნული და პატრიოტული საქმე - „წინ აღვუდგეთ ხუდონჰესს, არ ავაშენოთ“! - ეს  რუსეთის იმპერიასთან ასოცირდებოდა რატომღაც... მაგრამ დღეს მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით - ჩვენ რომ დღეს „ხუდონჰესი“ გვქონოდა, გაცილებით უფრო წელგამართულები ვიქნებოდით. 

ამასთან, ნამახვანჰესის ისტორია, დრამა ცოტათი გაზვიადებულია. დღევანდელი ვითარება მოიტანა 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა, პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა. ეს ერთი შეხედვით პარადოქსულია, რადგან ისეთი დარგი, რომლითაც საზრდოობს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, გარკვეული უნდობლობის საგანი გახდა.

დროთა განმავლობაში ხდება ამ მიდგომების გადაფასება". - ამბობს ეკონომიკის მინისტრი. 

ხელისუფლებას და რიონის მცველებს შორის მოლაპარაკების პროცესი 13 ივნისს დაიწყო. შეხვედრაზე, რომელიც 9 საათს გაგრძელდა, სამი საკითხი დასვეს: რკინის ბარიკადების მოხსნა და ხეობაში შესვლის თავისუფლება, დიდი რაოდენობის პოლიციის გასვლა ხეობიდან და რეპრესიის შეწყვეტა; პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში პირვანდელ ადგილზე და ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება ჰესის საკითხის გადაწყვეტამდე. 

ამ საკითხებზე შეთანხმების შემდეგ იგეგმება მედიაციის გაგრძელება. 

ხელისუფლებამ რამდენიმე დღეში რიონის ხეობაში ბარიკადები აიღო, თუმცა, მოქალაქეებს ხეობაში გადაადგილება მაინც შეზღუდული აქვთ. 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები თითქმის ერთი წელია, მიმდინარეობს. 2021 წლის 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისშიც აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

რიონის მცველების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

close დახურვა