logo
ENG



ოჯახის განცხადებით, ირაკლი ბებუას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

22 ივნ 202114:19
3 წუთის საკითხავი
clock 1353

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის დაწვის გამო დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

ირაკლი ბებუას ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დაკავებიდან 8 თვის შემდეგაც კი მას არ გაუვლია სამედიცინო შემოწმება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს.

მათი განცხადებით, ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია ქრონიკული დაავადებების გამო.

საკითხი ერთხელ უკვე დადგა ჟენევის მოლაპარაკებებზეც, თუმცა, უშედეგოდ. 

ოჯახის წევრები ითხოვენ, ბებუასთან საკანში ექიმები შევიდნენ.  

საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. 

ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე-ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა. 

ირაკლი ბებუა ე.წ სამართალდამცავმა უწყებებმა 30 სექტემბერს დააკავეს, მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა. 

მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

ორგანიზაციები „უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს უზრუნველყონ, გალში, აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას საკითხის 29-30 ივნისს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილვა და ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ზომის მიღება ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებისთვის.

ორგანიზაციების განცხადებით, ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თხოვნით, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა დროულად მომხდარიყო ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.

სხვადასხვა სტრუქტურების და პირების ილუზორული დაპირებების გამო, ირაკლი ბებუას და მის ოჯახს წაერთვა შესაძლებლობა, მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რომელიც მას საკუთარი უფლებების და უსაფრთხოების მყისიერი დაცვის შესაძლებლობას მისცემდა.

"უფლებები საქართველო" და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაუკავშირდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სხვადასხვა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციას და სთხოვეს, ირაკლი ბებუას საქმით დაინტერესება, რაც გარკვეულწილად იყო იმის გარანტია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ირაკლი ბებუა არ დაექვემდებარებოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას და დაცული იქნებოდა მისი სიცოცხლის უფლება.

„უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომა ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაცემად.

"აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალური კონტროლის არ არსებობის მიუხედავად, ჩვენს სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებები გაატაროს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მას სათანადო გულისხმიერებით მოქმედებისა და ყველა შესაძლო პოლიტიკური, დიპლომატიური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ღონისძიებების მიღების ვალდებულებებს აკისრებს, როგორც ზოგადად რეგიონის მიმართ, ისე კონკრეტული უფლებათა დარღვევის მსხვერპლთან მიმართებით. სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებში და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის, მათ შორის, არ არის სათანადოდ დანახული de facto მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რის გამოც მთლიანობაში სახელმწიფოს მცდელობები კვლავ ფრაგმენტული, სუსტი და უფრო რეაქციული რჩება". - აცხადებენ ორგანიზაციები. 


close დახურვა