სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობის არარსებობა შესაძლოა შეფასდეს სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევად.
ამაზე ლომჯარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
"შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ ძალიან კრიტიკულად. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც იცავს ადამიანებს მძიმე დაავადებებისგან და სიკვდილიანობისგან და როდესაც დღეს ქვეყანაში არ გვაქვს ვაქცინა, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა და ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ამ მიმართულებით", - ამბობს ომბუდსმენი.
მისივე თქმით, კრიტიკის საგანია ისიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები რეგულაციების დაწესებასა და მოხსნასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
"კრიტიკის საგანია ის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მხრიდან ეხება ეს შეზღუდვების შემოღებას თუ გაუქმებას, არ არის დასაბუთებული, რატომ მიიღება კონკრეტული შეზღუდვები რის საფუძველზე, რატომ ხდება კონკრეტული შეზღუდვის მოხსნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და არ გვაქვს ვაქცინები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რჩება განცდა, რომ ეს გადაწყვეტილებები, გარკვეულ შემთხვევაში, ეკონომიკურ სარგებლიანობას ეფუძნება და არა გათვლად მონაცემებსა თუ მეცნიერულ დასაბუთებებს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 23 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 87 131 ადამიანი, მაშინ როდესაც მთავრობის გეგმა 60%-ის აცრაა წლის ბოლომდე.
ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზაზე რეგისტრაცია მხოლოდ ასტრაზენეკაზეა შესაძლებელი, თუმცა რამდენიმე დღეა, ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესიც შეფერხდა.
