ფლორიდაში, მაიამიში საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
მაიამის მერის დანიელა ლევინის თქმით, იდენტიფიცირდა კიდევ სამი ცხედარი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება 156 ადამიანი.
„ჩვენი #1 ამოცანაა, განვაგრძოთ ადამიანების ძებნა და გადავარჩინოთ იმდენი სიცოცხლე, რამდენიც შესაძლებელი იქნება", - ამბობს ლევინი.
ფლორიდაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ბაიდენის განცხადებით, მან ყველანაირი საჭირო დახმარების პირობა მისცა ფლორიდის გუბერნატორ რონ დე სანტისს.
„ჩემი გული ახლა სურფსაიდის საზოგადოებასთანაა, მათთან, ვინც საყვარელი ადამიანების დაკარგვას გლოვობენ და აღელვებულნი ელიან ძიების შედეგებს", - წერს ჯო ბაიდენი ტვიტერის პირად გვერდზე.
მაიამიში საცხოვრებელი კორპუსი ხუთშაბათ დილით ჩამოინგრა, როცა მცხოვრებლების უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა. ნგრევის ზუსტი მიზეზი უცნობია.
შაბათს, 26 ივნისს, გასაჯაროვდა მშენებლობასთან დაკავშირებით ინჟინრის 2018 წლის დასკვნა, რომელშიც საუბარია, რომ ზღვის სანაპიროზე მდებარე "შემპლეინ თაუერში" თავდაპირველ დიზაინში იყო დიდი შეცდომა დაშვებული. მასში ნათქვამია, რომ გაუმართაობამ ხელი შეუშალა წყლის გადინებას შენობის საძირკვლიდან.
ფრენკ მორაბიტო 40 წლის ნაგებობის შესაძლო დანგრევის შესახებ არაფერს ამბობდა, თუმცა მოუწოდებდა, რომ ბეტონის შეკეთება დროულად ჩატარებულიყო.