logo
ENG



გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლეთა აღქმით, პარტნიორები ურთიერთობის პრინციპებს არღვევენ

27 ივნ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock 916
2021/06/27/pk0lcesukdek9z3.jpeg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მოსამართლეებმა მოამზადეს ერთობლივი მიმართვა, რომლითაც "კიდევ ერთხელ აპროტესტებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას".

შეხვედრის დასრულების შემდეგ გვირიტიშვილმა თქვა, რომ მოსამართლეთა კორსპუსის აღქმაში, "სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს".

"რამდენიმე მოსამართლისა და მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ, სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს", - თქვა გვრიტიშვილმა.

რაც შეეხება მის პირად მოსაზრებას, გვირიტიშვილი ამბობს, რომ პოზიცია მიმართვაზე ხელმოწერით დააფიქსირა, წერილის ელექტრონული ვერსია კი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

მისივე თქმით, მიმართვაში დაფიქსირებულია მოთხოვნა "ყველას მიმართ", ვინც ჩართულია პოლიტიკურ-სამართლებრივ დისკუსიებში, აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, შეწყვიტონ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მისი ხელყოფის მცდელობა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა