logo
ENG



ვასაძე პრაიდის კვირეულის დროს თბილისში არ იქნება, ის მოსკოვში კარდიოლოგთან მიემგზავრება

30 ივნ 202118:56
3 წუთის საკითხავი
clock 7472
ვასაძე პრაიდის კვირეულის დროს თბილისში არ იქნება, ის მოსკოვში კარდიოლოგთან მიემგზავრება
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრორუსული და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი ლევან ვასაძე, რომელიც პრაიდის კვირეულის ჩაშლით იმუქრებოდა, კვირეულის პერიოდში საქართველოში არ იქნება.

ვასაძე, რომელიც თურქეთში იმყოფება, ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. როგორც ის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, დღეს სტამბოლიდან სამედიცინო კონსულტაციებისთვის ჩავა მოსკოვში, სადაც მას კარდიოლოგი ელოდება.  

"დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ დაისვა, სავარაუდო, დიაგნოზი - საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. თუ ეს ასეა, ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლო ოპერაციას... პრაიდის კვირეულის დროს თბილისში სამწუხაროდ ვერ ვიქნები, რასაც ძაან ვნანობ და მწყინს. ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ", - თქვა "ერის" ლიდერმა. 

1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ჩატარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.


close დახურვა