შსს "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დღეს, პირველ ივლისს დაგეგმილ ღონისძიებაზე აცხადებს, რომ მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა ის უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს.
უწყება აცხადებს, რომ უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აცხადებს შსს.
უწყების ცნობითვე, ღონისძიების ორგანიზატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათი თქმით, შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც.
დღეიდან, 1-ლი ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ჩატარდება. პირველი ღონისძიების ფარგლებში კინოჩვენება გაიმართება, 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.