ლოკაციაზე, სადაც პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, ჰომოფობიური აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, ამ დროისთვის სულ 12 ადამიანია დაკავებული.
"ამ დროისათვის დაკავებულია 12 პირი ადმინისტრაციული წესით. 166-ე და 173 მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას, ასევე პოლიციის მუშაკისადმი შეურაცხყოფის მიყენებას", - განაცხადა სირაძემ.
მან მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კანონი არ დაარღვიონ.
"ამ დროისათვის ადგილზე არის მშვიდი ვითარება. პოლიცია აკონტროლებს სრულად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას აქვს როგორც აღვნიშნეთ. არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს", - თქვა ვაჟა სირაძემ.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან ლოკაციაზე ჰომოფობიური პუტინისტური ჯგუფები გამოჩნდნენ. მათ გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ისმოდა ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებიც. ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციელებისა და აქტივისტების მისამართით ბოთლები, კვერცხები და ქვები ისროლეს.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.