შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი თაბაგარი ცრუობს, როცა ამბობს, რომ შსს-მ 2019 წელს თბილისი პრაიდი არ დაიცვა.
გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ორი წლის წინ, პირველად გამართული პრაიდის კვირეულის ფარგლებში ორგანიზატორებს არა მხოლოდ გაუჭირდათ შსს-სთან კომუნიკაცია, არამედ პასუხად ისიც კი მიიღეს, რომ ლგბტქ აქტივისტებსა და თემის წარმომადგენლებს არ დაიცავდნენ.
გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, 2019 წელს სამართალდამცავმა უწყებებმა პრაიდის მონაწილეები მოძალადე ჯგუფებთან, ფაქტობრივად, მარტო დატოვეს.
„2019 წელს კიდევ უფრო მძიმე იყო სიტუაცია. პირველი პრაიდი ტარდებოდა და ნაკლები თანამშრომლობა იყო სახელმწიფოსგან. ჩვენ გაგვიჭირდა მაშინ შსს-სთან ადეკვატური კონტაქტის დამყარება და მარშის დღეს, როცა ვაპირებდით გასვლას, მათგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩვენ არ დაგვიცავდნენ და არ დაგვეხმარებოდნენ ტრასნპორტით, რომ ადამიანები მიგვეყვანა უსაფრთხოდ მაშინ, როცა ადგილმდებარეობა არ იყო გასაჯაროვებული - ასეთ პირობებშიც კი ვერ ვითანამშრომლეთ მთავრობასთან.
რომ ნახოთ კადრები, 2019 წლის მოვლენების, სამი ღონისძიება იყო მაშინ და, ფაქტობრივად, არცერთზე არ გვყავდა შსს-ს ძალები მობილიზებული, კანტიკუნტად იყვნენ პოლიციელები. შსს-თან გავმართეთ მაშინ აქცია და იქ იყვნენ რაღაცა ათამდე პოლიციელი, მაგრამ ეს არ იყო დაცული ღონისძიება, მაშინ შეგვატოვეს პირდაპირ მოძალადე ჯგუფებს", - ამბობს გიორგი თაბაგარი.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კი ფიქრობს, რომ პოლიციამ 2019 წელს ძალადობა არ დაუშვა.
"ბატონი გიორგი თაბაგარი ცრუობდა. ვერ მიჩვენებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა პოლიციამ, მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციამ ძალადობა დაუშვა ან იქ, სადაც ძალადობა მოხდა, დაუყოვნებლივ არ აღკვეთა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს.
როცა ჩვენ ვიყავით შსს-ში, პირველად ამ უწყების ისტორიაში, რომელიც არის დახურული უწყება, შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ამოცანაც გახლდათ დისკრიმინაციის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ.
ცრუობდა იმაში, რომ 2017 წლამდე დისკრიმინაციულ დანაშაულზე რეაგირების ეფექტიანობა, როცა ადამიანებს რელიგიური, ეთნიკური, გნებავთ სექსუალური ორიენტაციის მოტივით სცემდნენ და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ეფექტიანი არ იყო.
თაბაგარი ცრუობს - პოლიციამ მოახერხა, ძალადობა არ დაეშვა". - თქვა ნათია მეზვრიშვილმა ფორმულას ეთერში.
ნათია მეზვრიშვილი ამით გიორგი თაბაგარის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც ფორმულასთან საუბარში აღნიშნა, რომ 2019 წელს მიიღეს შეტყობინება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობაზე.
"გაგვიჭირდა შსს-სთან ადეკვატური კონტაქტის დამყარება და მხოლოდ მარშის დღეს როცა ვაპირებდით გარეთ გასვლას, მივიღეთ მათი შეტყობინება, რომ არ დაგვიცავდნენ, მათ შორის არ დაგვეხმარებოდნენ არც ტრანსპორტით, რომ ადამიანები მიგვეყვანა უსაფრთხოდ. მაშინ ადგილმდებარეობა არც კი იყო გასაჯაროვებული და ასეთ პირობებშიც კი ვერ ვითანამშრომლეთ ეფექტიანად", - განაცხადა თაბაგარმა.
ღირსების მარში პირველად 2019 წლის 13-23 ივნისს, LGBT კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის და 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაწყებული აქციების გამო, ღონისძიება დროებით გადაიდო.
ინფორმაცია, რომ მარში 8 ივლისს გაიმართებოდა, ცნობილი 7 ივლისს გახდა, თუმცა, მალევე, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა "მობილიზაცია გამოაცხადეს" და Tbilisi Pride-ს აქტივისტების და მხარდამჭერების "ქამრებით გათრევა" დააანონსეს.
ამის შემდეგ, შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებთან კონტაქტი შეწყვიტა.
მაშინ გიორგი თაბაგარი ამბობდა, რომ უწყების წარმომადგენლები Tbilisi Pride-ის აქტივისტებს ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფებად მოიხსენიებდნენ. მისივე თქმით, უწყებამ უარი თქვა პრაიდთან პირდაპირ კონტაქტსა და თანამშრომლობაზე. ასევე, არ დააკმაყოფილა ორგანიზატორთა თხოვნა, გამოეყო ტრანსპორტი მონაწილეთა გადასაყვანად და ომბუდსმენის მეშვეობით შეუთვალა: "რაც გინდათ ის ქენით, თანამშრომლობა არ შედგება".
იმის გამო, რომ სამინისტრო ღირსების მარშის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აქცია შსს-სთან გაემართათ და სისტემა გაეპროტესტებინათ.
ძალადობრივმა დაჯგუფებებმა აქციის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს, რის გამოც, თბილისი პრაიდმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით მათ შსს-სთან მაინც ჩაატარეს ხანმოკლე საპროტესტო აქცია მანამ, სანამ მათ დასარბევად ძალადობრივი ჯგუფები მივიდოდნენ.
2 წლის შემდეგ თაბაგარი 2019 წლის მოვლენებს იხსენებს, ნათია მეზვრიშვილმა კი სწორედ ამას უწოდა სიცრუე.