თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ღირსების მარშის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შეხვედრა კიდევ გაიმართება. ამის შესახებ მან ფორმულას, შსს-სთან შეხვედრის შემდეგ უთხრა.
თაბაგარი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს, ამბობს, რომ უსაფრთხოების საკითხები გაიარეს.
მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა უსაფრთხოება იქნას დაცული, თუმცა გარანტიას არ იძლევიან.
"აქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვქონდა და ზოგადად მინდინარეობს შეხვედრა, არ დასრულებულა. სხვადასხვა დეტალები გავიარეთ... ჩვენ ველოდებით შეხვედრის შემდეგ ეტაპს და ვაგრძელებთ მარშისთვის მზადებას", - ამბობს თაბაგარი.
თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება, რომელიც ხვალ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე გაიმართება.