logo
ENG



სირაძე ჟურნალისტებზე ძალადობაზე: რაც შეგვეძლო, შესაბამისად ვმოქმედებდით

06 ივლ 202119:47
3 წუთის საკითხავი
 
სირაძე ჟურნალისტებზე ძალადობაზე: რაც შეგვეძლო, შესაბამისად ვმოქმედებდით

ჟურნალისტებზე ძალადობის და პოლიციის უმოქმედობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ "არსებობს პროპორციული ძალა, რაც პოლიციამ უნდა გამოიყენოს".

ისი თქმით, პოლიცია გუშინდელ აქციაზე მაქსიმალურად იყო მობილიზებული.

"არსებობს პროპორციული ძალა, რაც უნდა გამოიყენოს პოლიციამ. რაც შეგვეძლო, შესაბამისად ვმოქმედებდით", - ამბობს სირაძე.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, გუშინაც და დღესაც, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს ყველა ინციდენტის აღკვეთას.

რაც შეეხება დამნაშავეების დასჯას, სირაძე ამბობს, რომ "ძალადობის თითოეულ ფაქტზე შსს მიიღებს შესაბამის ზომებს".

"დღევანდელ შემთხვევაში გვაქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც უნდა დავიცვათ წესრიგი და უსაფრთხოება. შსს-ს სრული შემადგენლობით მობილიზებული იყო გუშინ თბილისის ქუჩებში იმ ადგილებზე, სადაც ხდებოდა გარკვეული ინციდენტები. განსხვავებით დღევანდელისგან, გუშინ გვქონდა არაერთი ლოკაცია, სადაც გვიწევდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ თითოეული ინციდენტი აღგვეკვეთა, დაწყებულია გამოძიება და როგორც გაკეთდა განცხადება, თითოეულ ფაქტზე შსს მიიღებს შესაბამის ზომებს",- ამბობს სირაძე.

ჟურნალისტებზე ძალადობა გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულად მიმდინარეობდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ. 

რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები. 

შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მედიის წარმომადგენელი იყო.

უწყებამ ამ დრომდე სულ 11 ადამიანი დააკავა, 8 ადმინისტრაციული წესით, 3 კი ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და ძალადობის მუხლით. 

გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით, დღეს 20:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია დაანონსდა

აქციას შეუერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და თბილისი პრაიდის წევრები.  


close დახურვა