საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებს სიმშვდისკენ მოუწოდებს.
"მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს - დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.
დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!" - წერია მათ განცხადებაში.
ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს და სოლიდარობის აქციის მონაწილეებისკენ გაემართნენ.
რადიკალურმა ჯგუფებმა პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირების მოხსნა სცადეს და შსს-ს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.
კონტრაქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართულებით წიწაკის სპრეის ასხამენ.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა.
პარლამენტთან აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს.
ისინი სოლიდარობის აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ შორის, აქციაზე ფორმულას ოპერატორსა და ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს მას ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს, რომელშიც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო.