logo
ENG



შსს: რუსთაველის გამზირზე 100 ადამიანი დავაკავეთ, 68 ხელწერილით გათავისუფლდა

07 ივლ 202109:11
3 წუთის საკითხავი
clock 2388

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ ძალადობრივ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, 68 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი იზოლატორში რჩება.

"მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის სახით ადგილზე 2 ადამიანი დააკავა - ერთი პალიტრა ნიუსის ოპერატორის მიმართ ძალადობის ბრალდებით, ხოლო მეორე პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის.

"1989 წელს დაბადებული ი. ყ. დაკავებულია "პალიტრა ნიუსის" ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება.

რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს - 1965 წელს დაბადებულმა გ.შ.-მ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

5 ივლისს მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გუშინ, 6 ივლისს, პარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. მასში რიგით მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ, როგორც ორგანიზაციები, ისე პოლიტიკოსები და უფლებადამცველები. აქცის შეუერთდა თბილისი პრაიდიც, რომელსაც "ღირსების მარშის" გამართვის შესაძლებლობა არ მიეცა.

სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

 


close დახურვა