დეკანოზი სპირიდონი ცქიფურიშვილი, რომელის 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების აქციაზე, ადგილზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სხვა ტიპის მოწოდებები გაეკეთებინა.
მაგალითად, საქართველოსთვის, აღმაშენებლობისთვის, გორგასლობისთვის ბრძოლისკენ მოეწოდებინა.
"უმჯობესი იყო მეთქვა, და ახლა ვიმეორებ ამ სიტყვას, ჩავთვალოთ, რომ გავასწორეთ ეს სიტყვა, იბრძოლეთ საქართველოსთვის, იბრძოლეთ დედაეკლესიის ერთგულებისთვის, იბრძოლეთ აღმაშენებლობისთვის, იბრძოლეთ დავითობისთვის, იბრძოლეთ გორგასლობისთვის, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა", - თქვა დეკანოზმა სპირიდინმა.
პარლამენტის წინ, სადაც ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები აქციას მართავდნენ, დეკანოზი ამბობდა: "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიკვდილისთვის".
5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. ძალადობრივმა, პრორუსულმა, ჰომოფობიუმა ჯგუფებმა რუსთაველის მეტროსთან შეკრება 4 ივლისის საღამოდან დაიწყეს.
5 ივლისს, დილის 09:00 საათზე ისინი ჯერ ქაშვეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციის კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. მათ სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები.
მოძალადე ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. მათ სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც.
ადგილზე ცოტა რაოდენობის პოლიციელი იყო, რომლებმაც ვითარების განმუხტვა ვერ შეძლეს.
5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.
ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა.
პრორუსულმა ჯგუფებმა იძალადეს 6 ივლისსაც, როცა პარლამენტის წინ 5 ივლისის მოვლენების გასაშუქებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ. მოძალადეებმა მათ ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.
იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი.