შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნარკოტიკებით ზედოზირებაზე მიანიშნა.
კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე ვიდეო კადრები გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად მოპედით გუშინ, 10 ივლისს გადაადგილდება.
ჭელიძემ თქვა, რომ თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, "ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარე".
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით, კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა, განიხილება ნარკოტიკებით ზედოზირების ვერსიაც. ჭელიძემ ახსენა ფონიჭალაც.
იმაზე, რომ შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ზედოზირების ვერსიაზეც მუშაობს, მამუკა ჭელიძემ სამთავრობო მედიის, პოსტივის ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა.
კრიმინალური პოლიციის დირექტორის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედია მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:
"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით".
იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები.
შსს ასევე ითხოვს, ოჯახმა მათ გადასცეს ლაშქარავას ტელეფონი, ვინაიდან ეს გამოძიებას დაეხმარება.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია.