საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე საპატრიარქო პასუხისმგებლობას არ გრძნობს. სწორედ საპატრიარქომ მოუწოდა მრევლს, თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე გამოსულიყვნენ.
ჯაღმაიძე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალადობაზე "არაერთი მოწოდება" არ ყოფილა, იყო მხოლოდ ერთი. რაც შეეხება მეუფე იაკობის რუსთაველზე ყოფნას, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან, მისივე თქმით, თავადაც იქ იყო.
"საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა?! რომელი არაერთი მოწოდება იყო ძალადობაზე? ერთი იყო... მერე რაა, რომ მეუფე იაკობი იყო რუსთაველზე? მეც ვიყავი", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, ძალადობა ახლა არის რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებზე, სადაც, ჯაღმაიძის მტკიცებით, საპატრიარქოს მიმართ არის "აღუწერელი" სიძულვილის ენა.
"დღეს იქ ლექსო არავის აღარ აინტერესებს მგონი, ნუ, უმეტესობას არ აინტერესებს. დარწმუნებული ვარ, მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა", - თქვა ჯაღმაიძემ.
5 ივლისის აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო რუსთაველის გამზირზე მედიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ის ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს.