ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი პარტია კონკრეტულ ტელევიზიებთან კომუნიკაციას სრულად წყვეტს.
ქართული ოცნების წევრები კრიტიკული ტელევიზიებს ბოიკოტს აქამდეც უცხადებნენ, არ დადიოდნენ მათ ეთერებში. ბოლო დროს ეს პრაქტიკა ნაწილობრივ შეცვალეს და მთავარ არხსა და ტვ პირველზე მათთან ინტერვიუს სპეციალური ფორმატი შეიქმნა, თუმცა ბოიკოტი მაინც დარჩა ფორმულას მიმათ. დღეს კი ქართული ოცნების წევრებმა ტელერეპორტიორებს კომენტარის მიცემაზეც კი უარი უთხრეს.
"არ ვართ განწყობილი" - თქვა მან პარლამენტში, ბრიფინგზე და განცხადების შემდეგ ტრიბუნა დატოვა.
ვოლსკის თქმით, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტი მანამ გაგრძელდება, სანამ "ნორმალური ურთიერთობა" არ დაბრუნდება.
"მოწმე გავხდით გაუგონარი, საქართველოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის აბსოლუტურად შეუფერებელი, მორალურ-ფსიქოლოგიური ტერორის. ეს ხორციელდება კონკრეტული ტელევიზიების მიერ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ და რაც მთავარია, კონკრეტული პოლიტიკური პოზიციიდან. სრულიად უზნეოდ და სრულიად დაუსაბუთებლად, ასევე ამორალურად, გარდაცვლილი კოლეგის საკითხს იყენებენ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.
სანამ ჩვენ არ დავბრუნდებით ნორმალური ურთიერთობის, რესპონდენტისა და ჟურნალისტის ურთიერთობის ფორმატში, თუნდაც უმწვავესი შეკითხვებით, თუნდაც უმწვავესი დაპირისპირების, ჩვენ არ ვართ განწყობილი და სწორი დემარშია, რომ საერთოდ კომენტარი არ მივცეთ კონკრტულ ტელევიზიებს", - თქვა გია ვოლსკიმ.
5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.
TV პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.
მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ.
მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთ-ერთი წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სწორედ ამიტომ არის მოთხოვნებს შორის მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.
პროტესტის ნიშნად ოთხმა ტელევიზიამ - ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და ტვ კავკასია - 14 ივლისს, 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე მაუწყებლობა შეწყვიტა.