logo
ENG



დეგნანი: ოცნების ლიდერებმა მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნათელი უნდა მოჰფინონ

17 ივლ 202117:55
3 წუთის საკითხავი
clock 3098
დეგნანი: ოცნების ლიდერებმა მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნათელი უნდა მოჰფინონ

"ქართული ოცნების ლიდერებმა მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნათელი უნდა მოჰფინონ", - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მმართველი გუნდის განცხადებას, რომელიც პარტიამ ამერიკის კრიტიკის შემდეგ გაავრცელა. 

ქართულმა ოცნებამ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მწვავე შეფასებას გუშინ გამოეხმაურა. ოცნების ლიდერების მტკიცებით, სტრატეგიულ პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია ცალკეული ჩინოსნების გამო მიეწოდება, თუმცა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება ამაში. 

მმართველი პარტიის ამ განცხადებას აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "დასკვნების გასაკეთებლად საჭირო ინფორმაცია ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი". 

16 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა, ვინაიდან ამ დანიშვნით 19 აპრილის შეთანხმება დაირღვა. 

განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატებმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი, ამავდროულად განაახლოს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან.  

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. 

ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა. 

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც.

რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგა და გაეგზავნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

9 ივლისს ეუთო/ოდირმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.


close დახურვა