logo
ENG



კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: მოვუწოდებთ ღარიბაშვილს მედიის დისკრედიტაცია შეწყვიტოს

17 ივლ 202119:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/17/4fh1i59wki6j51f.jpg

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პრემიერმინისტრის​ მიერ კრიტიკული მედიების ღონისძიებაზე არ მიწვევას ეხმაურება და მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს მედიის დისკრედიტაცია შეწყვიტოს.

განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 

გარდა ამისა, კოალიცია ასევე ეხმაურება ნიკა გვარამიას მიმართ გავრცელებულ მუქარას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გამოძიება დაიწყოს. 

"დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას ძალადობრივ ჯგუფის წევრები ალტ-ინფოს Facebook-არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2021 წლის 5 - 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 ზე მეტი მედიის 53 წარმომადგენელი. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა.

კონკრეტული მედიასაშუალებების პრემიერის მონაწილეობით საჯარო ღონისძიებაზე გაშუქებაზე უკანონო შეზღუდვა ლახავს როგორც მედიის უფლებას განახორციელონ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ასევე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღონ საჯარო ინტერესის შემცველი ღონისძიების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები არაერთი ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი არიან, პრემიერის დღევანდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება აძლიერებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, ახალისებს დამატებით ძალადობას, იძალადონ, დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ მინისტრს მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის ფარგლებში შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სატელევიზიო ქსელი
მედიის განვითარების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მედიის უფლებები
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი
სამართლიანი არჩევნები

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კრიტიკულმა არხებმა - ფორმულამ, მთავარმა არხმა და TV პირველმა "ყველანაირი წითელი ხაზი" გადაკვეთეს. ამ მიზეზით პრემიერმა სამი ტელეკომპანია ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია. 

დღეს ღარიბაშვილი Army City-ს პროექტის დასათვალიერებლად მივიდა. განცხადება კი მან მხოლოდ რუსთავი 2-ის, იმედის, POSTV-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფები იყვნენ. 

ირაკლი ღარიბაშვილი პირველი არაა მმართველი გუნდიდან, ვინც მედიას ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ კრიტიკულ არხებთან კომენტარებს აღარ გააკეთებენ. 

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტების დაშავებასა და ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მედიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. სწორედ ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით  საპროტესტო აქციებს აწყობენ. 


close დახურვა