პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ასევე ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე არცერთ კანდიდატურას არ დაუჭირა მხარი.
როგორც თავმჯდომარის, ასევე წევრების ასარჩევად პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა ხმათა ეს რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები
- გიორგი კალანდარიშვილი - 82 მომხრე, 8 წინააღმდეგი;
- გიორგი სანტურიანი - 2 მომხრე 10 წინააღმდეგი.
ცესკოს წევრობის კანდიდატები
- გია ცაცაშვილი - 80 მომხრე, 9 წინააღმდეგი;
- ლელა ტალიური - 16 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
- თამარ სართანია - 16 მომხრე, 27 წინააღმდეგი;
- მაია ზარიძე - 81 მომხრე, 8 წინააღმდეგი.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიამ თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.