logo
ENG



ზურაბიშვილი: გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში

18 ივლ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები დამაზიანებლად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე.

პრეზიდენტის განცხადების, ადამიანის უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით საკანონმდებლო ორგანოში, გაუმართლებელია.

„საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია! ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის!

ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერთა შეხვედრაზე მსჯელობა იქნება ჩვენი ქვეყნის ერთ უალტერნატივო არჩევანზე - გზა ევროპისკენ! სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს აწერს ერთობლივ დეკლარაციას! ჩვენი გაცხადებული სურვილი, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, უნდა იყოს საქმით გამყარებული და დამტკიცებული, ხვალ სწორედ ამის დროა", - წერს პრეზიდენტი Facebook-ში.

სალომე ზურაბიშვილი, ასევე, ეხმაურება მმართველი გუნდის კრიტიკული არხებისადმი ბოიკოტს და ამბობს, რომ მედიას უნდა მიეცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება.

„რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. 

მინისტრის მოსმენაზე დასწრება და კითხვების დასმა სურდათ მედიის წარმომადგენლებსაც, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.

ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.


close დახურვა