logo
ENG



მიშელი: მართლმსაჯულების რეფორმა შეთანხმების მთავარი ნაწილი და EU-ს დახმარების წინაპირობაა

19 ივლ 202113:18
3 წუთის საკითხავი
clock 1238

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიისთვის საუკეთესო გარანტია განვითარებისთვის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების სრული იმპლემენტაციაა. ეს შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. 

მან ისაუბრა მართლმსაჯულების რეფორმაზეც და აღნიშნა, რომ ეს აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მოსამართლეთა სწრაფი დანიშვნები არ ასახავს საერთაშორისო და შიდა კონსულტაციების შედეგებს და ის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტ ღარიბაშვილთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან განვიხილე საქართველოში ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები და აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხი. ყველა მხარისთვის ჩემი უმთავრესი გზავნილი გახლავთ ის, რომ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლისთვის საუკეთესო გარანტია არის აპრილის შეთანხმების ტექსტისა და სულისკვეთების სრული იმპლემენტაცია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მტკიცე პროგრესს კანონის უზენაესობის კონსოლიდაციის გზაზე, პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორმების გზით. ბოლო პერიოდში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სწრაფი დანიშვნები სრულად არ ასახავს საერთაშორისო და შიდა კონსულტაციების შედეგებს. ეს ნამდვილად იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა", - თქვა მიშელმა.

მისივე თქმით, კმაყოფილია, რომ "შეთანხმების ყველა ხელმომწერი ერთგული რჩება ვალდებულების, სრულად შესრულდეს ის და ქვეყნის პოლიტიკური ძალები უფრო ინკლუზიური, ერთიანი გზით წავიდნენ წინ".

მიშელმა აქვე მოუწოდა ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, შეუერთდნენ დოკუმენტს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა. 

შარლ მიშელმა შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან.

აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხს უკმაყოფილება მოჰყვა.

საკითხს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შეასრულოს და მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეაჩეროს. რაც შეეხება ამერიკის საელჩოს საქართველოში, ისინი ამბობენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა "უაღრესად გულდასაწყვეტია". 

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

ეს მოსამართლეები არიან: 

  • გოჩა აბუსერიძე;
  • გიორგი გოგიაშვილი;
  • ლევან თევზაძე;
  • რევაზ ნადარია;
  • ბიძინა სტურუა;
  • ლაშა ქოჩიაშვილი;

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. 

ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა