"თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?" - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა მთავრობა პასუხისმგებლობას 5-6 ივლისის მოვლენებზე.
"შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერმინისტრი, გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება. ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკამ, რომელმაც როგორც იქნა სული მოითქვა და ახლა აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, რომ ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს", - განაცხადა თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.
5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტების დაშავებასა და ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მედიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. სწორედ ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აწყობენ.
ამის გამო ქართული ოცნების წარმომადგენლები კრიტიკულ მედიას ბოიკოტს უცხადებენ. პარლამენტში მმართველი გუნდი უარს აცხადებს, კრიტიკულ მედიას კომენტარი მისცეს. 17 ივლისს კი პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ფორმულა, მთავარი არხი და TV პირველი ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია. მიზეზად კი დაასახელეს, რომ ამ სამმა ტელევიზიამ "ყველანაირი წითელი ხაზი" გადაკვეთა.