logo
ENG



"ფაქიზად ჩამოიყვანა, გადაგვარჩინა" - როგორ ამართლებს ინჯია ზარქუას ძალადობას ქალ დეპუტატზე

20 ივლ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock 1268
2021/07/20/v0xx7lsfw48wjh6.jpg

ევროპელი-სოციალისტების დეპუტატი, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ არა თუ არ იძალადა, არამედ გადაარჩინა ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი. 

ინჯია დეპუტატ ნონა მამულაშვილის მაგიდიდან ძალის გამოყენებით ჩამოყვანაზე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ზარქუა მამულაშვილს მაგიდიდან არ ჩამოიყვანდა, ამას თავად გააკეთებდა, არგუმენტად კი მისი ჯანმრთელობის გადარჩენას ასახელებს. 

"ქალბატონი ნონა მამულაშვილი ავიდა მაგიდაზე, ფეხშიშველი, არის სრიალა და კარგი მაგიდა და მე შემეშინდა, რომ არა ზარქუა, ისე ფაქიზად ჩამოაბრძანა ქვევით, მაგი თუ არ გააკეთებდა, მე მეშინოდა მისი ჯანმრთელობის და მე გავაკეთებდი ამას. მეშინოდა, მამულაშვილი არ წაქცეულიყო...ახალგაზრდა ზარქუამ ფაქიზად, ოსტატურად ჩამოყვანა მამულაშვილი და გადაგვარჩინა", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ

18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. 

წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.

ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მაგიდაზე საპროტესტო პლაკატით ხელში ავიდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მაგიდიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. 

მოგვიანებით, უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.


close დახურვა