logo
ENG



ე.წ. შუალედური დასკვნა და დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია - ლაშქარავას საქმის პოლიტიზირებული გამოძიება
ავტორი: ანა ვახტანგაძე
21 ივლ 202121:34
1593

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციების დროს სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ათი დღე გავიდა გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებებმა, ორგანიზებულმა საინფორმაციო კამპანიამ და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებმა აჩვენა, რომ გამოძიების თვითმიზანია, გამორიცხოს კავშირი ლექსო ლაშქარავას სასტიკ ცემასა და მის გარდაცვალებას შორის.

ლექსოს გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე საათში სამინისტრომ საინფორმაციო ველში მინიშნების მარცვალი ჩააგდო, რომ ტრაგედიის მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკის ზედოზირება გამხდარიყო. შსს-ს ამ ნაჩქარევ ვერსიას უკვე საფუძველი ჰქონდა მომზადებული პროსახელისუფლებო და ანტი-დასავლური ფეისბუქგვერდების მიერ აგორებული ნარატივით.

11 ივლისის ქრონოლოგია და პირველი ეჭვები

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის გამთენიისას საწოლში დედამ, თინათინ კახიძემ, იპოვა.

შსს-ს ინფორმაციით, ოჯახმა 112-ში დილის 6 საათზე დარეკა. 

რამდენიმე საათში კრიმინალურმა პოლიციამ, დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხედარი ნაჩქარევად გადააიყვანა ექსპერტიზაზე. მას არავინ აუხსნა არც ექსპერტიზის აუცილებლობის, არც პროცედურების შესახებ. 

დაახლოებით 11:30 საათზე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ამ მუხლით გამოძიების დაწყება გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა ლექსო ლაშქარავა სასტიკი ცემიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა, ამიტომ ბევრი უფრო ლოგიკურად ჩათვლიდა, გამოძიება 5 ივლისის მოვლენების კვალს დადგომოდა. 

17:17 საათზე ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველი ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე გვაჩვენებს კადრები, რომ წინა დღეს ლაშქარავა მეგობართან ერთად მოპედით გადაადგილდებოდა. 

"შსს ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას", - თქვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ და რამდენიმე წამში თავისივე მოწოდება თვითონვე დაარღვია. 

პირველი: ჭელიძემ თქვა, რომ ლაშქარავა მეგობართან ერთად ორჯერ იყო ფონიჭალის დასახლებაში, სადაც შსს ხშირად ატარებს ხოლმე სპეცოპერაციების ნარკოტიკების გასაღებაზე და ამ გზით მიანიშნა ნარკოტიკის შეძენაზე. მალევე მან დაამატა, რომ ფონიჭალაზე ყურადღების გამახვილება არ სურს, რათა შსს-სგან რაიმე წინასწარი ვერსია არ გაჟღერდეს. 

მეორე: POSTV-ის ჟურნალისტმა დასვა კითხვა, მუშაობს თუ არა გამოძიება ზედოზირების კუთხით. ჭელიძემ დასტური არ დააყოვნა. 

"მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და არ იქნება სწორი და პროფესიული, გამოძიებამ წინასწარ ისაუბროს ზედოზირებაზე. თუმცა ეს ვერსიაც განიხილება, ბუნებრივია", - თქვა მან და დაამატა, რომ გარდაცვალების მიზეზებს დეტალურად შეისწავლიან. ჭელიძეს არაფერი უთქვამს გამოძიების სხვა ვერსიებზე. 

22:06 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთ ბრიფინგზე ისევ ლაშქარავას გადაადგილებაზე ილაპარაკა. ახალი კადრები დაამატეს და ისიც კი აღნიშნეს, რომ ლაშქარავა სავარაუდოდ "არაფხიზელ მდგომარეობაში" იყო. 

"რისი თქმა გინდოდათ ამ კადრებით?" - იყო ჟურნალისტების პირველი კითხვა.  ჭელიძემ ყველაფერი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. საიდან დადგინდა, რომ ლაშქარავა არაფხიზელი იყო, არ განუმარტავთ. 

"არაფხიზელ მდგომარეობას რაც შეეხება, მე მგონი, ჯობია თქვენ თვითონ შეაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები. შესაბამისად, ჩვენ ამით კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ", - თქვა ჭელიძემ. 

12 ივლისი და დღე-ნახევარში დადებული ე.წ. "შუალედური" დასკვნა

საღამოს ცხრა საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ბრიფინგი ჩატარდა. ამჯერად, ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი საათების მიხედვით წარმოადგინეს. თუმცა, თავად ვიდეოკადრებს თარიღი და დრო არ აწერია. 

უწყებაში თქვეს, რომ 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, 100-ზე მეტი პირი გამოკითხეს და 65 სათვალთვალო კამერების ვიდეო ამოიღეს. გამომძიებლებმა ეს დღე-ნახევარში გააკეთეს, მაშინ, როდესაც, მაგალითისთვის, 4 წლის შემდეგაც ვერ აღადგინეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ტრაექტორია, რომელიც თბილისის ცენტრში გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. 

12 ივლისის ბრიფინგზე მამუკა ჭელიძემ ე.წ. შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა,  ზედოზირება გამხდარიყო. მან გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი ხუთი ნივთიერება ჩამოთვალა - "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გაბაპენტინი" და "მონოაცეტილმორფინი" - მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობით. "შუალედური დასკვნის" დოკუმენტი საზოგადოებას არც თვალით უნახავს და არც რაიმე დამატებით შეუტყვია მის შესახებ. 

შსს-ს ვერსიით, ლაშქარავამ მეგობართან ერთად ნარკოტიკი იყიდა, ორთაჭალის ტყეში მოიხმარა და შემდეგ შეუძლოდ გახდა. მისმა მეგობარმა კი ე.წ. ნარკანი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ითხოვა, თუმცა "გარკვეული მიზეზის გამო" ვერ მიიღო და მეგობრის დახმარება თვითონ სცადა. გამოძიების მტკიცებით, ლაშქარავა შეუძლოდ მეორედაც გახდა, ამჯერად დედა ენის ბაღში, დახმარება ისევ მეგობარმა გაუწია. 

სათვალთვალო კამერის ვიდეოში, რომელიც, რატომღაც ხმასაც იწერდა, ისმის, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას კაცი სასწრაფო დახმარების გამოძახებასაც ითხოვს, თვითონ კი ტელეფონი დაუჯდა. უცნობია, შევიდა თუ არა ზარი 112-ში. ასევე, გაურკვეველია როგორ შეძლო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა ლაშქარავასთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა. 

18 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოსდა დააკავეს კაცი, რომელმაც ლაშქარავას ჰეროინი მიჰყიდა. 

მედიის წარმომადგენლებს, აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ზედოზირების ვერსიით ხელისუფლება პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს. კრიტიკული კითხვების საპასუხოდ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიას "გარდაცვლილით სპეკულირებაში" ადანაშაულებენ.

ბურუსით მოცულია ე.წ. შუალედური დასკვნა, რომელიც დოკუმენტის სახით ამ დრომდე არავის უნახავს. ექსპერტები და ექიმები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც შსს ავრცელებს და რა ვერსიის განვითარებაც სურს, საფუძვლიანი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. 

შსს-ს განცხადებიდან მალევე ქართული ოცნების წარმომადგენლებმაც დაიწყეს ვერსიის გამყარება. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 12 ივლისს თქვა, რომ "საზოგადოებამ უკვე იცის, რაში იყო საქმე". 14 ივლისს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კი ამბობდა: "მსხვერპლი დადგა რამდენიმე დღის შემდეგ, ოღონდ ეს იყო თუ არა იმის [ძალადობის] მსხვერპლი, მე ვფიქრობ, რომ არ იყო".

ტროლები და ბოტები შსს-ს მაშველ რგოლად

შსს-ს პირველადი ვერსიის გაცნობამდე რამდენიმე საათით ადრე, ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკულ საშუალებებს პროსახელისუფლებო და ანტიდასავლურმა მედიასაშუალებებმა და ფეისბუქგვერდებმა დაუკავშირეს. გავრცელებული პოსტები და გზავნილები კი აშკარად გარდაცვლილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

მითების დეტექტორის მონიტორინგის თანახმად, ძირითადი გზავნილები შეეხებოდა იმას, რომ ლაშქარავა ნარკომომხმარებელია, ხოლო მისი სიკვდილი ნაციონალურ მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს აწყობდათ. 

ლევან ვასაძის პარტიასთან დაკავშირებული ალტ-ინფოს წამყვანები, რომლებიც თვითონაც მონაწილეობდნენ და აორგანიზებდნენ 5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციას, ლაშქარავას გარდაცვალებაზე კონსპირაციული თეორიებს ავრცელებდნენ და მის გარდაცვალებაში დამნაშავეებად ლიბერალებს და დასავლეთს ასახელებდნენ.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გავრცელდა გარდაცვლილის პერსონალური ინფორმაცია, რაზეც ყურადღება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც გაამახვილა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ინფორმაციას ავრცელებენ ისეთი პირები, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  დაიწყო შემოწმება იმის შესახებ, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.

უფრო ფართო აუდიტორიაზე ხელმისაწვდომობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშქარავაზე გადაკეთებული ორი ვიდეო დაასპონსორა, აქედან ერთ-ერთი ორჯერ, რაშიც 700 დოლარამდე გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს უწყებამ სულ 7 პოსტი დაარეკლამა და აქედან 3 ლაშქარავაზე. 

რა დრო მიჰქონდა ექსპერტიზას გახმაურებულ საქმეებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. შუალედური დასკვნა არაერთ კითხვას აჩენს. პირველ რიგში, რა არის ეს ე.წ. შუალედური დასკვნა და რატომ არ ასაჯაროებს მას უწყება. 

როგორც წესი, სხვა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპერტიზაზე საუბრისგან თავს იკავებს და არც დასკვნებზე საუბრობს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის დროს კი დასკვნებსაც საჯაროს ხდის. 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მომზადებას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. დამატებითი კვლევების ჩატარებისას, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ექსპერტიზა სამი კვირის თავზე გავრცელდა. ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან თითქმის ოთხი თვე გავიდა და დასკვნა ამ დრომდე არ არის. 

ექიმი ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა არ იცნობს შუალედური დასკვნის ფორმას. ხოლო 48 საათში წინასწარი შეფასებების დადებას მედიცინასთან კავშირი არ აქვს. 

"ვერც ვამტკიცებ და ვერც უარვყოფ. შეიძლება ნარკოტიკული ნივთიერებაც არის ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი. მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით რაიმეს მტკიცება პირველივე საათებში არის ნონსენსი. ოდნავ ვისაც შეხება აქვს ფარმაკოლოგიასთან, მედიცინასთან ყველა დაგიდასტურებთ, რომ ერთ დღეში მსგავსი დასკვნის გაკეთება ვერ ხერხდება", - ამბობს კალოიანი. 

"ვერც ვამტკიცებ და ვერც უარვყოფ. შეიძლება ნარკოტიკული ნივთიერებაც არის ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი. მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით რაიმეს მტკიცება პირველივე საათებში არის ნონსენსი. ოდნავ ვისაც შეხება აქვს ფარმაკოლოგიასთან, მედიცინასთან ყველა დაგიდასტურებთ, რომ ერთ დღეში მსგავსი დასკვნის გაკეთება ვერ ხერხდება", - ამბობს კალოიანი. 

ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ახლა ლაბორატორიულ გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება ვიწრო პროფილის სპეციალისტების ჩართვა. მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ კი იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი. 

"ნეტგაზეთთან" ინტერვიუში ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე აღნიშნავს: "ამ წუთას ის დეტალები, რაც შსს-მ გაასაჯაროვა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვინმემ ილაპარაკოს გარდაცვალების მიზეზზე ზუსტად. სანამ არ იქნება ოდენობები და სანამ არ იქნება ცხადი, თუ რა ცვლილებები მოხდა ორგანიზმში გარდაცვალების შემდეგ, ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის".

 "ავტოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი"

გარდაცვლილის საქმე საერთაშორისო ყურადღების ქვეშაა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ უნდა შეჩერდეს ის ძალადობა, რომელსაც ერთი ადამიანის სიკვდილი უკვე მოჰყვა. 

ქართული ოცნების ვერსიას საერთაშორისო ასპარეზზე ეჭვის თვალით უყურებენ. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ასეთ ბრალდებები ავტოკრატიულ საზოგადოებებს ახასიათებს.

"ავტოკრატიულ საზოგადოებებში ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალი წაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ", - განაცხადა კორტნიმ.

ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. სენატორმა ლაშქარავას სიკვდილი ცემას დაუკავშირა. 

"საქართველოში სულ უფრო მეტად მაშფოთებს უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს, ერთ-ერთი კი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ. ვიცი, რომ სენატორი [ჯინ] შაჰინი ჩემს შეშფოთებას იზიარებს ამ საკითხზე და ამაზე არაერთი დისკუსიაც გვქონია", - აღნიშნა მან. 

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის დაუსჯელი ორგანიზატორები

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის 27 მონაწილეა დაკავებული. უშუალოდ ლაშქარავას ცემის საქმეზე - 5. ცნობილია, რომ ლაშქარავაზე 20-ზე მეტი ადამიანი ძალადობდა.

გამოძიება არაფერს ამბობს ორგანიზატორებზე მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ვიდეოკადრი არსებობს, როგორ გეგმავდნენ თავდასხმებსა და გაადგილებას კონკრეტული პირები. 

ალტ-ინფოს დამფინანსებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ რუსთაველის გამზირზე ხალხს მოუწოდა 500-600 კაცი გამოჰყოფობა და ინგოროყვას ქუჩაზე, სირცხვილიას ოფისთან ასულიყვნენ. სწორედ ამ ოფისის შენობაში შეჭრისას დაესხნენ თავს TV პირველის გადამღებ ჯგუფს, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას. 

16 ივლისს კრიმინალურმა პოლიციამ ძალადობრივი აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ნაწილის სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. შემდგომში კი სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარა. ბევრი თვლის, რომ ეს მოჩვენებითი ქმედებები იყო, რადგან, მიუხედავად კამერებზე აღბეჭდილი მტკიცებულებებისა, არცერთი ორგანიზატორი ჯერ არ დაუკავებიათ.

გამოკითხვაზე იყვნენ განყოფილებაში გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 5 ივლისის მოვლენებში და ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ. სამმართველოში დაიბარეს დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილიც, რომელიც მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა.

გამოკითხვა მიმდინარეობდა პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმა ალტ-ინფოს წამყვანები: შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია. ასევე, პლატფორმის დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშია. 

გამოკითხვის შემდეგ ყველა მათგანმა განყოფილება დატოვა. დამატებით საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

close დახურვა