logo
ENG



ღარიბაშვილი წულუკიანზე: მიკროფონი? არ ვიცი, რა ხდება... ეს არ არის დანაშაული

23 ივლ 202112:08
3 წუთის საკითხავი
clock 1543

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა დანაშაული არ არის.

პრემიერის განცხადებით, მან არ იცის, რა მოხდა. ის მოუწოდებს ჟურნალისტებს, დაასრულონ "სიყალბე და ძალადობა". მისივე თქმით, "ტელევიზიები გადაიქცნენ უკვე პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად".

მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, როდის დაუბრუნდება ტელევიზიას კუთვნილი მიკროფონი, ღარიბაშვილი პასუხობს:

„იცით რა არის? თქვენი მიკროფონი, არ ვიცი, რა ხდება, რა მოხდა. [...] გასაგებია. ეს ძალადობა და ეს სიყალბე უნდა დაასრულოთ თქვენ. პირადად თქვენ კი არ გეუბნებით, ელაპარაკები იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გადაიქცნენ უკვე პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. ეს არ არის დანაშაული, დანაშაულია ის, რასაც სჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი სააკაშვილი და მისი გუნდი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის  ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.

ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.

თეა წულუკიანის განცხადებითმთავარი არხის მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა "ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი".


close დახურვა