logo
ENG



სუს: გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობდნენ

27 ივლ 202114:11
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ წუთებში ყველა ობიექტში მიმდინარეობს ჩხრეკა.

სუს-ის ცნობით, გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

"2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან, ჯამში, 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები და ამასთან, არ გააფორმეს სალაროს აპარატის ქვითარი.

საკონტოლო შესყიდვის ფარგლებში შეძენელია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა - ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა.

ამ წუთებში ყველა ხსენებულ ობიექტში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს ჩხრეკა, რომლის დასრულების შემდგომაც ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მართლზომიერების დასადგენად ჩატარდება საგადასახადო რევიზია.

გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზებაში ჩართული ყველა პირის მიმართ უმოკლეს ვადაში დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო იურიდიული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა