ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა. განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით პოლიტიკური საბჭოს წევრები და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იდგნენ.
"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა პოლიტიკური საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა", - განაცხადა კობახიძემ.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე რიგგარეშე არჩევნები 43 პროცენტის აღების შემთხვევაში ჩაატაროს და მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კი მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
კობახიძის თქმით, შეთანხმების ანულირებით ქვეყანა "კონსტიტუციურ ჩარჩოს" დაუბრუნდება:
"მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული".