logo
ENG

ბოკერიას კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც ანტივაქსერულ განცხადებებს აკეთებდა

28 ივლ 202119:27
3 წუთის საკითხავი
clock 2103
ბოკერიას კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც ანტივაქსერულ განცხადებებს აკეთებდა

ბოკერიას სახელობის კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც ფეისბუქით ანტივაქსერულ განცხადებებს აკეთებდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ გმობენ და ემიჯნებიან ჰოსპიტლის სახელით გაკეთებულ ვიდეომიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა. 

"ჰოსპიტალი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, კლინიკის სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომელიც რთულ გლობალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, მიუღებელია ფაქტი, როდესაც ვიდეომიმართვაში კლინიკის თანამშრომელი აკნინებს სამედიცინო პერსონალის იმ უმრავლეს ნაწილს, რომელიც ვაქცინაციის პროცესს პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევს [...]

ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებლად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საქართველოში კოვიდზე იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოპულაციური იმუნიტეტის შესაქმნელად და პანდემიის შესაკავებლად საჭიროა, რომ ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი აიცრას. ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. 

სამედიცინო დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნაში ხელისუფლებაა დამნაშავე, რადგან ვერც შესაბამისი კამპანიის წარმართვა შეძლო და ვერც ვაქცინები შემოიტანა დროულად. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 432 ათასზე მეტი აცრაა ჩატარებული, სრულად აცრილი კი მხოლოდ 144 ათასი ადამიანია. 

close დახურვა