ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მიშელი აღნიშნავს, რომ ამაზე იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.
"ცნობა მივიღე ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. [...] მე თანაბრად მივიღე ცნობად ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა.
მე ვერ ვხედავ ალტერნატივას, გაგრძელდეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
მოვუწოდებ ყველა პარტიას, დააყენონ მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.
საქართველოში კონსულტაციები პოლიტიკურ აქტორებთან გრძელდება. გუშინ შევხვდი სალომე ზურაბიშვილს, რომელთანაც შექმნილი სიტუაცია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განვიხილე", - წერს ის.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.