logo
ENG



"აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში" - "ლიტერას" პროტესტს კაკაბაძეც უცხადებს

29 ივლ 202114:15
3 წუთის საკითხავი
clock 802
2021/07/29/2619x1zmexnnfpu.jpg

ლიტერატურულ კონკურს "ლიტერას" კიდევ ერთი კონკურსანტი უცხადებს პროტესტს - პოეტი ირაკლი კაკაბაძე კონკურსს ტოვებს.

კაკაბაძის განცხადებით, პროტესტი უნდა გამოხატოს ყველამ, ვინც ფიქრობს, რომ "აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში" და ვისთვისაც ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია.

„რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ", - წერს პოეტი.

ირაკლი კაკაბაძე Facebook-ზე აქვეყნებს პოსტს და ამბობს, რომ კულტურის მოქმედი მინისტრი "ალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელია" და ის სამინისტროს საბჭოური მეთოდებით მართავს.

„თანამედროვე ლიტერატურაცა და ლიტერატურული პროცესიც ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სარკეა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილია, როგორც ძალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელი, ასევე კულტურის სამინისტროს მართვისთვის სრულიად არაკომპეტენტური პირი, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლში“, როგორც ბოლშევიკური წესია, მიავლინა და დანიშნა.

სოლიდარობას ვუცხადებ „მწერალთა სახლს“ და მის თანამშრომლებს, რადგან მგონია, რომ „ბიძინას გაუმა...“ მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად ამ ორგანიზაციის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის", - წერს კაკაბაძე.

ირაკლი კაკაბაძე მეოთხე კონკურსანტია, ვინც "ლიტერაში" მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თეა წულუკიანს პროტესტი გამოუცხადა. პირველმა პროტესტი კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმით მწერალმა ტორესა მოსიმ გამოთქვა, შემდეგ კი წიგნი "მივიწყებულნი" მწერალმა მათე სარალიშვილმაც მოხსნა. როგორც სარალიშვილი ფეისბუქზე წერს, გადაწყვეტილება გამომცემლობასთან შეთანხმებულია. კონკურსს პროტესტი გამოუცხადა მწერალმა ნატალია ავალიანმაც.


close დახურვა