
შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას გამოეხმაურა.
ბილდტი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოში მოვლენები "ღრმად სამწუხაროდ" ვითარდება.
"სერიოზული და ღრმად სამწუხარო მოვლენების განვითარება საქართველოში. ქართულმა ოცნებამ მიატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე. იანუკოვიჩს ბაძავენ?"- წერს კარლ ბილდტი.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
დღეს, 29 აპრილს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა.
მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.