logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო: შეშფოთებას გამოვთქვამთ და მოვუწოდებთ პარტიებს, დაიცვან შეთანხმება

29 ივლ 202121:22
3 წუთის საკითხავი
clock 1015
2021/07/29/rqcm2fpf7eqztcw.jpg

ბრიტანეთის საელჩო ქართული ოცნების შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და შეშფოთებას გამოხატავს.

საელჩო მოუწოდებს მხარეებს დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, 5 ივლისს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობამ, ეჭვი გააჩინა საქართველოს პოლიტიკური გეზის თაობაზე.

"გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად. ფუნქციონირებადი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება.

გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა