logo
ENG



"ლიტერას" ჟიური მე-4 წევრმაც დატოვა და მხოლოდ სამინისტროს დანიშნული დარჩა

30 ივლ 202112:53
3 წუთის საკითხავი
clock 1426

პრემია "ლიტერას" ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული მე-5 წევრი დარჩა, შემადგენლობა მეოთხე წევრმაც, ბელა წიფურიამაც დატოვა. მან ფორმულასთან საუბარში განმარტა, რომ პრობლემაა უნდობლობის ერთიან ვითარებაში და არა ჟიურის ერთ კონკრეტულ წევრში. 

"წლევანდელი კონკურსის მიმდინარეობაზე, დაწყებაზეც კი გავლენა მოახდინა იმ საერთო სიტუაციამ, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში დღეს - ქართული საზოგადოების უნდობლობა სახელისუფლებო პროცესებისადმი. გაჩნდა განცდა იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვადასხვა სფერო და მათ შორის, ლიტერატურის სფეროც", - ამბობს ის. 

მისივე თქმით, წლევანდელი კონკურსი ამ სახით აღარ ჩატარდება, რადგან რესურსი ნაკლებია:

"იმედი მაქვს, კონკურსი უახლოეს თვეებში უფრო პლურალისტურ გარემოში ჩატარდება". 

მანამდე, ლიტერატურული კონკურსი ჟიურის წევრებმა ოქტაი ქაზუმოვმა, რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმაც დატოვეს.

ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს. ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. 

29 ივლისს, ლიტერას კონკურსანტებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართეს, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი გაიწვიონ.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ლიტერა სახელმწიფო პრემიაა და მისი ჟიურის თავისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს.

ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებისა და მინისტრ თეა წულუკიანის გამო მწერლების ნაწილმა საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა


close დახურვა