logo
ENG



შაბათის ფორმულა: 29 წლის ქალი ამბობს, რომ მულმა მანქანით რამდენიმე კილომეტრი ათრია

31 ივლ 202120:48
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, 29 წლის ქალი მეუღლის დას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. კერძოდ, ახალგაზრდა ქალი შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მულმა ის მანქანით, რამდენიმე კილომეტრი ათრია. სავარაუდო ინციდენტი ჩაქვში, დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა. ის ჰყვება, რომ მული ჯერ სახლში შეუვარდა და ტელეფონი წაართვა. 

ახალგაზრდა ქალის თქმით, მეუღლის ნათესავებთან კონფლიქტი ქონებრივ დავას უკავშირდება. ის ამბობს, რომ ქმრის ნათესავებს სახლის დასაკუთრება უნდათ. 

დაზარალებულს არც გამოძიების იმედი აქვს. მისი თქმით, პოლიციამ საქმე აღძრა, თუმცა მტკიცებულებების მოსაპოვებლად არაფერი გაუკეთებია. ადგილს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რკინიგზის სათვალთვალო კამერა დაჰყურებს. გამოძიებას ჩანაწერების ამოსაღებად სასამართლოსგან ორდერი არ მოუთხოვია.

ორი შვილის დედა გამოძიებას არ ენდობა და ამბობს, რომ მულის ოჯახს ჩაქვში გავლენები აქვს, შიშის გამო კი კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან თავს იკავებს. 

სავარაუდო მოძალადე ქალს შაბათის ფორმულა სოციალურ ქსელში დაუკავშირდა. ის პირიქით დაზარალებულს ადანაშაულებს და ამბობს, რომ დაძრულ მანქანას თვითონ შეახტა.

ინციდენტს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, მათ შორის მეზობლებიც, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობას და ამ თემაზე საუბარზე ყველა ერიდება.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 


close დახურვა