logo
ENG



ჩარკვიანი, ჯავახაძე, ხარანაული - მწერლები "ლიტერადან" წიგნებს ხსნიან

31 ივლ 202121:48
3 წუთის საკითხავი
clock 1126

მწერლები გელა ჩარკვიანი, ბესიკ ხარანაული და ვახტანგ ჯავახაძე მათ წიგნებს ლიტერატურული პრემია "ლიტერადან" ხსნიან - ინფორმაციას გამომცემლობები ავრცელებენ.

გამომცემლობა ინტელექტი და არტანუჯი ამის შესახებ Facebook-ზე წერენ.

„გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის.

ჩვენს ავტორებთან – ვახტანგ ჯავახაძესა და ბესიკ ხარანაულთან შეთანხმებით გამომცემლობა „ინტელექტი“ მათ წიგნებს პრემია „ლიტერადან“ ხსნის", - წერენ გამომცემლობები.

"ლიტერას" პრემია 2015 წლიდან არსებობს. ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. 

ლიტერატურული პრემია "ლიტერა" ჟიურის 4-მა წევრმა და კონკურსანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს მიერ დანიშნული წარმომადგენელი დარჩა.

29 ივლისს "ლიტერას" კონკურსანტებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი გაიწვიონ.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ "ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვთ, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი სამინისტროს წარმომადგენელია". უწყებაში ამბობენ, რომ ლიტერატურული კონკურსი "ლიტერას" ჩატარება მათი უფლებამოსილება არაა და მასზე პასუხისმგებელი სრულად მწერალთა სახლია. 


close დახურვა