logo
ENG



გვარამიას თქმით, სუს-ი ივანიშვილისთვის საჯარო პირების პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა

01 აგვ 202123:44
3 წუთის საკითხავი
 
გვარამიას თქმით, სუს-ი ივანიშვილისთვის საჯარო პირების პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების მიყურადების გზით მათზე ანგარიშებს ამზადებდა. ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე. გვარამიამ ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია. მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.

ერთ-ერთი საუბარი დაადასტურა GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ. გვარამიას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელ გურო იმნაძეს შორის, საუბარი შეეხო EMC-ის დირექტორის თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

გარდა ამისა, TI-ს დირექტორმა ეკა გიგაურმა Facebook-ზე დაპოსტა, რომ ჩანაწერებში NGO-ების წარმომადგენლები თამთა მიქელაძის სუს-ში დაბარების საკითხზე საერთო განცხადების გავრცელებაზე საუბრობდნენ.

გვარამია კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა.

მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".


close დახურვა