სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება ქართული ოცნების არგუმენტს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით პოლარიზაცია არ შემცირებულა.
პრეზიდენტმა დღეს, 3 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა:
"არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ ეს პროცესი ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ. რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია".
მისივე თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას შეთანხმების შემუშავებაზე და ამაყობს კიდეც ამით, თუმცა, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს დოკუმენტის ცალკეულ ელემენეტებსა და მის ანულირებაზე. პრეზიდენტის თქმით, წითელი ხაზები შეთანხმების გაფორმებამდე უნდა გავლებულიყო.
"დღეს, პოსტ ფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია [...]. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ის ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არ არის და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ, 2 აგვისტოს ესაუბრა დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს და ხაზი გაუსვა მათ (ოპოზიციის) "პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულებას, რომ ამ დოკუმენტების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში".
"პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას". - განაცხადა მან.
28 ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა.
ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი თქვა ვალდებულებაზე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაატაროს, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
შეთანხმებიდან გასვლამდე ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა დოკუმენტით აღებული ვალდებულება, პარლამენტს შეეჩერებინა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე და 6 მოსამართლე უვადოდ განაწესა.
შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ენმ-ს, ელენე ხოშტარიას და ევროპულ საქართველოს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.