logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: კოვიდცუნამის მოლოდინში

04 აგვ 202120:45
3 წუთის საკითხავი
clock 1130

4 ათას 200-ზე მეტი ინფიცირებული და 38 გარდაცვლილი - ეს ბოლო 24 საათის კოვიდმონაცემებია. კვირის დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 10 პროცენტს აღწევს, აცრილი კი მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია.

ვირუსმა უკვე 6 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სამწუხაროდ უარესი წინაა, რადგან პრევენციის მომენტი ხელიდანაა გაშვებული. ხელისუფლებამ შეზღუდვების მოხსნაში ისრაელს გაასწრო, ვაქცინაციაში კი უგანდასაც ჩამორჩა. შედეგად მივიღეთ ვირუსის მორიგი ტალღა, რომელიც ხვალ ცუნამად იქცევა. ყოველდღიური სიკვდილიანობა კი აგვისტოს მეორე ნახევარში, სპეციალისტების აზრით, კიდევ უფრო გაიზრდება და 50-დან 70-მდე ადამიანს მიაღწევს.

ამასობაში პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწკეპილი ხელისუფლების ვითომ მეთაური მართვის იმიტაციითაა დაკავებული, მაღალ სცენებსა და კონდიცირებულ დარბაზებში ქვეყნის ვითომ განვითარების 10-წლიან გეგმებს გვთავაზობს. არადა, თავის დროზე კოვიდის მე-5 ტალღის თავიდან ასაცილებლად ერთთვიანი გეგმა რომ შემოეთავაზებინა, ამ საშინელ დღეში არ ვიქნებოდით.

დაგვიანების მიუხედავად, დღეს ალბათ ყველაზე ადეკვატური მაინც ის იქნებოდა თუ პრემიერი, მინისტრთა კაბინეტი და მთელი სახელმწიფო სექტორი სამხედრო თუ საველე ტანსაცმელში გამოეწყობოდა, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდებოდა, საველე ჰოსპიტლებს თუ ვაქცინაციის ცენტრებს პირადად გახსნიდა და კურირებას გაუწევდა, საკუთარი ძვირადღირებული სამსახურებრივი მანქანებით კი სოფლისა თუ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ასაცრელად მიიყვანდა.

თუმცა, ხელისუფლება დღეს სულ სხვა რამითაა დაკავებული: ჟურნალისტებზე ძალადობენ, რადიკალურ, დამნაშავე ჯგუფებს მფარველობენ, ოკუპაციის პრობლემებში კრიტიკულ მედიას ადანაშაულებენ, ამერიკასა და ევროკავშირს ფეხებზე იკიდებენ, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ლაფში სვრიან, ქვეყანას რუსულ ორბიტაზე მიათრევენ, მედიას, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, ბიზნესს, საკუთარ დეპუტატებს თუ ადმინისტრაციის წევრებს უკანონოდ გვისმენენ, გვითვალთვალებენ და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ძალაუფლების გამყარებას ემსახურება. 

მეტიც, არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვი, რომ ივანიშილის ძალაუფლების შენარჩუნების უპირატეს ამოცანას ეწირებიან ადამიანებიც. ის 40 მდე მოქალაქე, რომელიც ყოველდღიურად კოვიდით კვდება, უმართაობის მეორე უკიდურესობაში გადავარდნის, ღარიბაშვილის მხრიდან რეგულაციების უპირობოდ მოხსნისა და ვაქცინაციის პროცესის ჩაგდების შედეგია.

არადა, ყველა, ვინც საქმეში მეტ-ნაკლებად ერკვევა გვაფრთხილებდა რომ მსგავსი ნაბიჯი ქვეყანას კატასტოფულ მდგომარეობამდე მიიყვანდა. მაგრამ ვის აინტერესებს სპეციალისტების აზრი, დადებითობის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი მილიონ ადამიანზე, რომლის მიხედვითაც მსოფლიო აუთსაიდერთა ათეულში ვართ, ოქტომბერში ხომ არჩევნებია, 43%-ის აღება კი ქვეყანაშიმ სადაც ყველაფერს ბოქლომი ადევს, ოცნებისთვის წარმოუდგენლად ძნელია. ამიტომაც გახსნეს ყველაფერი და მოხსნეს რეგულაციები.

ეკონომიკამ რომ ვითომ ამოისუნთქოს, ადამიანებმა პირბადე მოიხსნან, ცოტა შეღავათი და ცოტა ხნით თავისუფლებაც შეიგრძნონ, იმისთვის, რომ ოცნების მიმართ ბრაზი შემცირდეს. მაგრამ ეს ისევე დროებითია, როგორც სასიკვდილო დაავადებისას ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი, როდესაც ყოველი ახალი დოზის შემდეგ ტკივილი უფრო ძლიერი ფორმით ბრუნდება. ბოლოს კი მოდის სიკვდილი.

სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ადამიანი მოგვიკვდება კოვიდით, რადგან გადაუდებელი, ქმედითი და ადეკვატური ზომების მიღების ნაცვლად ხელისუფლება თვითგადარჩენის ოპერაციითაა დაკავებული. ამასობაში კი ამ ქვეყნის მთავარი ავადმყოფობა და ტკივილი თავად ოცნება გახდა, რომლისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა არა ამ მთავრობის დროებითი ტკივილგამაყუჩებელის მიღება, არამედ საარჩევნო ყუთთან გაკეთებული პასუხისმგებლიანი არჩევანი იქნება.


close დახურვა