logo
ENG



გაგა ჩხეიძე: ეროვნულ კინოცენტრზე უარის თქმა კინოინდუსტრიის კოლაფსს გამოიწვევს

05 აგვ 202119:56
3 წუთის საკითხავი
clock 1283
გაგა ჩხეიძე: ეროვნულ კინოცენტრზე უარის თქმა კინოინდუსტრიის კოლაფსს გამოიწვევს
ფოტო: რადიო თავისუფლება

ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ ზოგიერთ მედიაში გაისმა მოსაზრება, თითქოს კინოცენტრი საჭირო არ არის, ვინაიდან მან თავისი თავი ამოწურა. 

ჩხეიძის თქმით, რეალურად, დაფინანსების არსებულ სისტემასა და ეროვნულ კინოცენტრზე უარის თქმა ქართული კინოინდუსტრიის კოლაფსს გამოიწვევს. 

ეროვნულმა კინოცენტრმა ფუნქციონირება 2001 წლის აპრილში დაიწყო, 2000 წელს ეროვნული კინემატოგრაფის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ მიღებული კანონის საფუძველზე. 

გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული კინოს უახლეს ისტორიაში, ვინაიდან ამით სახელმწიფო დაემშვიდობა კინოს დაფინანსების საბჭოთა სისტემას და ევროპული ანალოგის მიხედვით დააარსა ორგანიზაცია, რომელიც შერჩევთობის პრინციპით მოქმედებს და სახელმწიფო სუბსიდიებს გასცემს როგორც ფილმების წარმოებისთვის, ისე საგანმანათლებლო, სადისტრიბუციო, საგამომცემლო პროექტებისთვის, ასევე მხარს უჭერს ქართული კინოს ექსპორტს საზღვარგარეთ და ზრუნავს ქართული კინომემკვიდრეობის შენარჩუნებასა და აღდგენაზე.

"ეროვნული კინოცენტრი არის საქართველოს მთელი კინოსაზოგადოების მონაპოვარი". - ამბობს გაგა ჩხეიძე. 

გარდა ამისა, ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს კინოს პოლიტიკას და მოქმედებს „ეროვნული კინემატოგრაფის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ კანონისა და სამი ძირითადი დებულების საფუძველზე.

"ამ დებულებებში ზუსტად არის გაწერილი კინოცენტრის საქმიანობის ძირითადი ასპექტები, კონკურსების ჩატარების და კომისიების შექმნის წესები. ამავე დროს, ეროვნული კინოცენტრი აცნობიერებს, რომ კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი და მისი დახვეწა მუდმივად უნდა ხდებოდეს. ამიტომ ის ღიაა კინოსექტორთან თანამშრომლობისთვის. 

ეროვნული კინოცენტრი, როგორც სახელმწიფოში არსებული მთავარი კინოინსტიტუცია, არსებობს მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კინო სახელმწიფო ზრუნვის საგანია. ეს არის სახელმწიფო დახმარების აპრობირებული სისტემა, რომლის დადებითი ეფექტი კინოს განვითარებისთვის ეჭვგარეშეა. თავისი არსებობის 20 წლის მანძილზე საქართველოს კინოცენტრმაც უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული კინემატოგრაფის აღორძინების საქმეში. 90-იანი წლების კრიზისი წარსულს ჩაბარდა, ქართული კინო გამოვიდა იზოლაციიდან, ჩაერთო მსოფლიო კინოპროცესებში და მიაღწია როგორც საფესტივალო, ისე კომერციულ წარმატებებს". - წერს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. 

გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული კინოცენტრის, როგორც  დამოუკიდებელი, ავტონომიური სააგენტოს არსებობა.

"ის თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური წნეხისგან და მის საქმიანობაში უხეში ჩარევისგან. ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი პირი უნდა იყოს სრულიად მიუკერძოებელი. ის უნდა იყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის და კინოცენტრის რესურსების მიზნობრივად და ოპტიმალურად განაწილების გარანტი". - აცხადებს ჩხეიძე. 

რაც შეეხება კრიტიკას, რომელიც კინოცენტრის შესახებ გაისმა და რომლითაც ეჭვქვეშ დადგა მისი დადებითი როლი, გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ ყველა ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულია

"აშკარად ჩანს, რომ კინოცენტრის კრიტიკოსებს არ აქვთ არც ალტერნატიული კონცეფცია, არც რეორგანიზაციის კონკრეტული გეგმა, არც რამე სხვა იდეა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაფინანსების არსებულ სისტემაზე და ეროვნულ კინოცენტრზე უარის თქმა გამოიწვევს ქართული კინოინდუსტრიის კოლაფსს". - აცხადებს კინოცენტრის დირექტორი და კინემატოგრაფებს მოუწოდებს, მხარში ამოუდგნენ ეროვნულ კინოცენტრს

"გაერთიანებული ძალებით იზრუნონ მის როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ფინანსურ გაძლიერებაზე. ეროვნულ კინოცენტრს დღეს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვს. მათგან უმთავრესია ბიუჯეტის რადიკალური გაზრდა, რადგან ქართული კინოწარმოებისთვის დღეს გამოყოფილი სრულიად არაადეკვატური დაფინანსება ვერ აკმაყოფილებს კინოსექტორის მზარდ მოთხოვნებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეროვნულ კინოცენტრს ჰქონდეს საკუთარი შენობა, რომელიც მორგებული იქნება მის საქმიანობაზე, ექნება კინოდარბაზი, კინობიბლიოთეკა, ფილმოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, და აქედან გამომდინარე, მიმზიდველ სივრცედ იქცევა ყველა კინემატოგრაფისტისთვი". - წერს გაგა ჩხეიძე. 


close დახურვა